
ფშავ-ხევსურეთმა და გუდამაყრის ხეობამ შესაძლოა ინტერნეტი, 100-ზე მეტმა უშუქო სოფელმა კი ელექტროენერგიას მიიღონ. ახალი ინიციატივა მთავრობამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარმოადგინა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. ელექტროენერგიის მიწოდება 400-მდე ოჯახისთვის კი საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით, მზის პანელებით მოხდეს.
მთავრობის ინიციატივით, მაღალმთიან სოფლებში ასევე უნდა განხორციელდეს პარამედიკოსების პროგრამა. მთაში მცოხვრებ ადამიანებს პირველადი დახმარების ტრენინგები ჩაუტარდებათ, რათა თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე დახმარება გაუწიონ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მიღწევა სწორედ მთის განვითარების პროექტია.