„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი“, - ასე უპასუხა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ანგელა მერკელმა ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა, როგორც წესი, რატომ არ ახსენებს კანცლერი სიტყვა „ოკუპაციას“ სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებით.
„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, - უპასუხა შეკითხვას მერკელმა, რომელიც სტუდენტს ორჯერ გაამეორებინა, რადგან მისი თქმით, კითხვის შინაარსი ვერ გაიგო.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისში 23 აგვისტოს ჩამოვიდა, დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შემდეგ პრეზიდენტთან. დღეს კი მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა. ანგელა მერკელი საქართველოს დღეს დატოვებს, ხოლო სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ბაქოსა და ერევანში განაგრძობს.