ბუდაპეშტში მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე - „გრაცია კაპ 2018“ - ქართველმა სპორტსმენებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავა., მეორე ადგილზე ჩეხეთი გავიდა, მესამეზე კი - ავსტრია.
როგორც ტანვარჯიშის ფედერაცია წერს, საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები ჯგუფურ ვარჯიშში ორი თვის წინ ჩამოყალიბდა. ბუდაპეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიაში მეორე ტურნირი იყო.
„ჩვენმა გუნდმა: სალომე ურუშაძე, ნათელა ბოლატაევა, ნატალია თაბაგარი, თამარ ხელაძე, ირინა კაკაბაძე და მარიამ ყუფუნია (მწვრთნელები: ინგა კიკვაძე, თინათინ ნადირაშვილი), ცალკეულ სახეობებშიც (ხუთი რგოლი, სამი ბურთი და ორი სახტუნაო) ოქროს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ლიდერისათვის ინდივიდუალურ ვარჯიშში, სალომე ფაჟავასთვის (მწვრთნელები: ელისო ბედოშვილი, ლალი დოლიძე-ჯანტეზ) ბუდაპეშტის ტურნირი ბოლო რეპეტიცია იყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ.
ჩვენმა ტანმოვარჯიშემ 71,100 ქულით მრავალჭიდში პირველობა არავის დაუთმო. გარდა ამისა სალომემ პირველი ადგილი დაიკავა რგოლით, გურზებით და ბაფთთით ვარჯიშებში“, - წერს საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია.