კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ქსელის განვითარების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კვესეთსა და ბეთანიაში 35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები მოეწყობა, ასევე დამატებით აშენდება სამი რეზერვუარი და 5 სატუმბო სადგური, მათ შორის ერთ-ერთი 2.5 მეგავატიანი სიმძლავრის.
თბილისის ზედა ზონების რელიეფის გათვალისწინებით წყალმომარაგების სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით სრულად ავტომატიზებული იქნება.
სამუშაოების შედეგად 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ ასევე თბილისი ჰილსისა და თაბორის პროექტებს.
თბილისის ზედა ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია.
,,წყალმომარაგების სისტემის განახლებასთან ერთად დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია ახალი ქსელის განვითარება. 2018 წლის ბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს, შინდისს, კვესეთსა და ბეთანიას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება.
ჩვენი გუნდის მიზანია დარგის განვითარება, მოსახლეობის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ურბანული განვითარების ხელშეწყობისთვის წყალმომარაგების ქსელს ავითარებს ისეთ დასახლებებში, სადაც აქამდე წყალმომარაგება არასოდეს ყოფილა.
თბილისის ზედა ზონების განვითარების პროექტი ყველაზე მასშტაბურია კომპანიის 2018 წლის მთავარი მიმართულების ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს შორის” - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია სამ მთავარ მიმართულებაზე: წყალმომარაგების მაღალი ხარისხის ინფასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დარგის სპეციალისტების განვითარება.
თბილისის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით კომპანია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.