საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელევიზიის თანამშრომლები მენეჯმენტის მიერ შეთავაზებულ ახალ სახელშეკრულებო პირობებს აპროტესტებენ.
მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების მიხედვით, იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა.
მაუწყებლის პროფკავშრების ხელმძღვანელმა ნინო ზაუტაშილმა აქციაზე განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ ხვალ 12 საათზე მენეჯმენთან შეხვედრას. შემდეგ კი 14:00 საათზე კვლავ ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბებიან და შეხვედრის შედეგებს გააცნობენ საზოგადეობას.
მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვლად თანამშრომლებს ადმინისტრაცია სთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში: „შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლებაა და არა ახალი შეთავაზება, რომელიც, კანონის მიხედვით, არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს".
ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სამუშაო რეჟიმზე დათანხმების ვადა მაუწყებლის თანამშრომლებს ხვალ, 4 სექტემბერს ეწურებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც თანამშრომლები ამბობენ, მაუწყებელი მათ შრომით ხელშეკრულებას შეუწყვიტავს.
საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მიერ შემითავაზებული შრომითი რეჟიმი არის არაპირდაპირი საუბარი თანაშრომლების გათავისუფლებაზე.
“თქვენი გადასაწყვეტია რა ფორმას და როგორ აირჩევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამართლებრივად უფრო მეტი გარანტია არსებობს იმ პირობებში რომ თქვენ იბრძოლოთ თქვენი უფლებების დასაცავად, ამ დოკუმენტის მინიმუმ გაუმჯობესება მოითხოვოთ და წარმოდგენილი ფორმით არ დათანხმდეთ ამ დოკუმენტზე ხელმიწერას. რა პროცესაც ეხლა ჩვენ ვხედავთ არის ძალიან მნშვნელოვანი. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და სამართლებრივი გზით ბრძოლის გაგრძელება არის ერთადერთი გამოსავალი, "- ამბობს სულხან სალაძე.