Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგამოძიებო კომისია: ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიება მიკერძოებულად ჩატარდა

03 სექტემბერი, 2018 16:13

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატმა ოთო კახიძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელთა გამოც, კომისიის დასკვნით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება მიკერძოებულად და ტენდენციურად წარიმართა.

კახიძის თქმით, საწყის ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიულად და ინტენსიურად დაიწყო, მაგრამ პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ჩარევის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა ისე, რომ სასჯელი დაკისრებოდა მხოლოდ ორ პირს გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს, ამავდროულად კი დაფარულიყო მირზა სუბელიანის ნათესავის მ.კ.-სა და სხვა ფიგურანტების როლი.

კახიძის თქმით, კომისიამ ეს დასკვნა რიგი გარემოებების გამო გამოიტანა:

მირზა სუბელიანმა პოლიციას არ შეატყობინა მძიმე დანაშაულის შესახებ

კახიძის თქმით, სუბელიანი და მისი ცოლი მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ მივიდნენ მათი ნათესავების - კალანდიების სახლში, სადაც დამალული იყო მკვლელობაში ბრალდებული, შემდეგ კი კალანდიებმა მოიშორეს დანაშაულის მტკიცებულებათა ნაწილი. ამას შეესწრო სუბელიანი, თუმცა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

ჩხუბში მონაწილის მ.კ.-ს ძმამ ლუკა კალანდიამ მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ სახლიდან გაიტანა და დამალა სისხლიანი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, რის შემდეგაც მ.კ. და გ.ჯ. წეროვანში წაიყვანეს.

ოთო კახიძის თქმით, ამ მოვლენებს ესწრებოდა მირზა სუბელიანი, შემდეგ კი თბილისის პროკურატურაში წავიდა.

სუბელიანმა დამალა თბილისის პროკურორთან შეხვედრა და კალანდიებთან თათბირი

კომისიის დასკვნით, სუბელიანი შეხვდა თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს, ეს ინფორმაცია კი საგამოძიებო კომისიას დაუმალა. მიხეილ შაყულაშვილის განმარტებით, სუბელიანი, მასთან შეხვედრისას დაბნეული იყო და არ იცოდა, როგორ ემოქმედა.

მკვლელობის საღამოს სუბელიანის შვილი დაკითხეს, ამავდროულად პოლიციამ გამოკითხა ლუკა და თენგიზ კალანდიები, მათ მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს ადგილსამყოფელი სამართალდამცველებს დაუმალეს.

ამის შემდეგ მირზა სუბელიანი ისევ მივიდა კალანდიებთან სათათბიროდ, რაც ასევე დაუმალა საგამოძიებო კომისიას.

სუბელიანის პოლიციაში მისვლის შემდეგ თვითმხილველთა დაკითხვები 15 დღით წყდება

ოთო კახიძის თქმით, მირზა სუბელიანი შვილთან ერთად პოლიციაში მკვლელობის დღეს, 19:40 წუთზე მივიდა. მანამდე პოლიციაში თვითმხილველთა გამოკითხვები მიმდინარეობდა. სუბელიანის შვილის გამოკითხვის დაწყების შემდეგ კი პოლიციამ თვითმხილველთა გამოკითხვა 15 დღით შეწყვიტა.

დავით სარალიძის მკვლელობისას, ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე მ.კ. ფიზიკურ კონტაქტში იყო მასთან, თუმცა მის მიმართ არ ჩატარდა საკვანძო საგამოძიებო მოქმედებები

კომისიის დასკვნით, ჩხუბის დაწყებიდან სარალიძისთვის 12 ჭრილობის მიყენებისას, მ.კ. იყო ფიზიკურ კონტაქტში მასთან. ასევე, რიგ მომენტებში კიდევ ერთი პირის გ.მ.-ს იქ ყოფნა იკვეთება.

ეს გარემოება, კომისიის დასკვნით, გამოძიებისთვის ცნობილი იყო. ამის მიუხედავად, კახიძის თქმით, არ ამოიღეს მ.კ.-ს მიმოწერა სუბელიანის შვილთან, არ ამოიღეს მისი მიმოწერა ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, არ გაჩხრიკეს მისი სახლი, არ ამოიღეს მისი ტანსაცმელი და ა.შ.

პროკურატურამ არ იმუშავა ვერსიაზე, რომ დავით სარალიძეს ცივი იარაღით ჭრილობა, შესაძლოა, მ.კ.-მაც მიაყენა

კომისიის დასკვნით, გამოძიების მთავარი ფოკუსი იყო, რომ სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობაში მხოლოდ ორი პირის გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს დანაშაული გამოეკვეთა.

კახიძის თქმით, პროკურატურას არც კი უმუშავია იმისთვის, რომ სარალიძესთან ფიზიკურ კონტაქტში მყოფი მ.კ.-სა და გ.ბ.-სგან ცივი იარაღის ამოღება ეცადა. პროკურატურამ, კომისიის დასკვნით, განზრახ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ემუშავა მხოლოდ ერთ ვერსიაზე, რათა მ.კ.-ს შესაძლო დანაშაული არ გამოკვეთილიყო.

ექსპერტიზამ გ.ჯ.-ს დანით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება გამორიცხა, ამის მიუხედავად, გამოძიება მ.კ.-თი არ დაინტერესებულა

კახიძის განცხადებით, 2017 წლის 26 დეკემბრის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გ.ბ.-ს დანაზე იყო დადუნაშვილის სისხლი, ხოლო გ.ჯ.-ს დანაზე - დავით სარალიძის. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, გ.ჯ.-ს სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია.

კომისიის დასკვნით, გაუგებარია, რატომ არ დაინტერესდა ამის შემდეგ მაინც გამოძიება სხვა პირებით, მათ შორის მ.კ.-სა და გ.მ.-ით.

ამის სანაცვლოდ, კომისიისთვის ასევე გაუგებარია - რატომ გადააბრალა სარალიძის მკვლელობა პროკურატურამ დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^