დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევის ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს და პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფართოვდება პროგრამით მოსარგებლეთა არეალი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.
„პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ინფორმაციით, სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც და ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა და ეს შესაძლებელია პროვაიდერ კლინიკებში, ამასთან ონლაინ პაციენტთა დოკუმენტების შემსწავლელი კომისია, რაც შეამცირებს მოლოდინის პერიოდის. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა”,- აცხადებენ სამინისტროში.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაასრულა მკურნალობა. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.