საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა, ნორიკო სუზუკიმ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას ავტობანის მშენებლობისთვის.
ხელშეკრულების მიხედვით, აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
შეთანხმება ნოტების გაცვლით გააფორმეს საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ.
პროექტის ფარგლებში, რიკოთის მონაკვეთზე 14.7 კილომეტრის საავტომობილო გზა აშენდება. იაპონიის მთავრობა პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით დააფინანსებს.
დავით ზალკალიანის შეფასებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საქართველო-რუსეთის ომის ათი წლისთავზე იაპონიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
„მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. გახშირდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები და გაღრმავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა“, - თქვა ზალკალიანმა.