პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ლიბერალს“ განუცხადა, გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო მიიღო.
ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.
„ასეთი შემთხვევა ჩემი 27-წლიანი მუშაობის განმავლობაში არ მქონია. ძალიან მძიმე გადასატანი იყო და ვერ გადავიტანე. საერთოდ, სკოლას ჩამოვშორდი. ვარ პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ვარ ტრენერი და გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით“, - უთხრა „ლიბერალს“ ხათუნა ბარაბაძემ.
მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლის განცხადებით სკოლის სამურვეო საბჭოს თავდაპირველად თებერვალში მიმართა, თუმცა მაშინ სამეურვეო საბჭომ განცხადება არ დააკმაყოფილა. მეორედ კი საბჭოს 16 აგვისტოს მიმართა განცხადებით, რაც დაკმაყოფილდა.