Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოლინ კაპერნიკი - სკანდალური პროტესტის ავტორი Nike-ის სახე გახდა

05 სექტემბერი, 2018 15:10

ზოგიერთმა Nike-ის ფეხსაცმელები საჯაროდ დაწვა, ინვესტორებმა აქციების გაყიდვა დაიწყეს, სხვები კი სპორტული კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვენ.

როგორც Reuters წერს, Nike-ის გარშემო სკანდალი კომპანიის რეკლამაში კოლინ კაპერნიკის გამოჩენას მოჰყვა. „უბრალოდ გააკეთე“ (Just Do It) - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის სახეც ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ვარსკვლავი იქნება.



კოლინ კაპერნიკი ამერიკულ სპორტში ცნობილი პროტესტის ავტორია. 2016 წელს ეროვნული ჰიმნის ჩართვისას მან უარი თქვა ფეხზე წამოდგომაზე და დაიჩოქა. ამით სან-ფრანცისკოს „49-იანების“ ყოფილმა მოთამაშემ ამერიკული რასიზმი და პოლიციის სისასტიკე გააპროტესტა.

კაპერნიკს სოლიდარობა NFL-ს სპორტსმენთა ნაწილმა გამოუცხადა და მას შემდეგ მატჩების წინ მოთამაშეები ასე ხშირად იქცევიან.

იმ სეზონის შემდეგ კაპერნიკს არც ერთ მატჩში აღარ მიუღია მონაწილეობა. გუნდები სპორტსმენს კონტრაქტს აღარ სთავაზობენ. ახლა ის ფეხბურთის ეროვნულ ლიგას უჩივის. ამტკიცებს, რომ ეს მისი აქტივიზმის გამო ხდება.

ამ ფონზე Nike-ის გადაწყვეტილებამ ამერიკაში სკანდალი ხელახლა ააგორა. მოქალაქეთა ნაწილი კაპერნიკს ამართლებს და მხარს უჭერს, უფრო კონსერვატორულად განწყობილი ხალხი კი სპორტსმენს ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

Nike გააკრიტიკა დონალდ ტრამპმაც. „საშინელი გადაწყვეტილება“ - ასე შეაფასა Daily Caller-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა კომპანიის ნაბიჯი. ტრამპმა ადრე გააკარიტიკა თავად სპორტსმენიც, თუმცა დასძინა, რომ მას გამოხატვის თავისუფლება აქვს.

კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის აგორების გამო ორშაბათს Nike-ის აქციები 3.2%-ით დაეცა.

ბოიკოტის მოწოდებამ სოციალური ქსელები მოიცვა, ორშაბათს Nike თავიანთ პოსტებში 2.7 მილიონმა მომხმარებელმა მონიშნა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 135%-იანი ზრდაა.

ხალხის ნაწილმა სოციალურ ქსელებში დაიწყო ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნება, სადაც ჩანს, როგორ წვავენ Nike-ის სპორტულ ინვენტარს. Twitter-ზე ერთ-ერთი ასეთი გაბრაზებული მომხმარებლის, შონ კლენსის ვიდეოს, რომელზეც ის Nike-ის სავარჯიშო ფეხსაცმელს წვავს, 24 000 გაზიარება აქვს.


მაგრამ პროტესტთან ერთად Nike-მა და კოლინ კაპერნიკმა მხარდაჭერაც მიიღეს. ცნობილმა სპორტსმენებმა - სერენა უილიამსმა, ლებრონ ჯეიმსმა, კევინ დურანტმა და კრის პოლმა მათ სოლიდარობა გამოუცხადეს.

კაპერნიკს მხარი დაუჭირა თავად ნაციონალურმა ლიგამაც, „სამართლიანობისა და თანასწორობის პრობლემებს, რასაც კოლინი და სხვები აპროტესტებენ, ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - თქვა NFL-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოსელინ მურმა.

ანალიტიკოსთა ნაწილი Nike-ის ამ ხმაურიან გადაწყვეტილებას, რომელსაც მისი აქციების ფასის რყევაც მოჰყვა, ფინანსურად გამართლებულადაც მიიჩნევს.

„ეს სწორი ნაბიჯი იყო ფინანსების მხრივ. Nike შეურიგებლობისა და მეამბოხეთა განწყობას გამოხატავს. ამიტომ, ეს ნაბიჯი ბრენდს, პირიქით, აძლიერებს“, - თქვა Reuter-თან საკონსულტაციო ფირმა Vivaldi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ იოახიმსტალერმა.

ანალიტიკოს კრისტოფერ სვეზიას თქმით, კომპანია კარგად იცნობს თავის მომხმარებელს, ამიტომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი გადაწყვეტილება. სვეზიას ეთანხმება მეთ პაუელიც, კვლევითი კომპანია NPD Group-ის უფროსი მრჩეველი.

„ასაკიანი გაბრაზებული თეთრი კაცები არასდროს ყოფილან Nike-ის ბაზრის ბირთვი“, - განმარტავს პაუელი.

Nike კოლინ კაპერნიკის სპონსორი 2011 წლიდანაა და მასთან პროტესტის შემდეგაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა. კაპერნიკი ახლა კომპანიის ერთ-ერთი სახე იქნება, მათი სლოგანისა და სარეკლამო კამპანიის - Just Do It-ის 30 წლისთავზე.

უგუნდოდ დარჩენილი კოლინის სურათი მის აქტივიზმს გამოხატავს. „გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. თუნდაც ამის გამო ყველაფერი გაწირო“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^