შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარიხუანის უკანონო ბრუნვის რისკის თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
„ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.
კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, მარიხუანის მოხმარება დაისჯება:
საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;
ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
არასრულწლოვნის თანდასწრებით;
სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს-ს თქმით, კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.
როგორც უწყებაში ამბობენ, ასევე, კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.