პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა უკვე გამოაქვეყნა, მირზა სუბელიანის, მისი ოჯახისა და ნათესავების მიმართ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება აშკარად მიკერძოებული იყო.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს. და მისი დეიდაშვილი მ.კ. მონაწილეობდნენ. კომისიამ გამოძიებაში სუბელიანის ჩარევის კვალი შეისწავლა და მისი დასკვნით, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა.
მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები
კომისიის დასკვნით, ა.ს-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, მათ შორის:
პოლიციამ არ ამოიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინა. დაგვიანებით ამოიღო მისი მობილური ტელეფონი - ამოღებისას უკვე 15 დღე იყო გასული და ჩანაწერები წაშლილი იყო.
კომისიის დასკვნით, გამოძიებას ასევე არ ამოუღია ა.ს-სა და მ.კ-ს მიმოწერა. მისი ზურგჩანთა, ქურთუკი და არ დაუწყია ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
მ.კ-ს მიმართ არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები
საგამოძიებო კომისიის დასკვნით, პროკურატურამ არასათანადოდ წარმართა გამოძიების პროცესი მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს დეიდაშვილის მ.კ-ს მიმართაც. რომელიც ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.
სწორედ ა.ს-მ დაურეკა მის დეიდაშვილს მ.კ-ს და დახმარება სთხოვა, რომელმაც 51-ე სკოლასთან მეგობრები მიიყვანა და იჩხუბა.
კომისიის დასკვნით, საგამოძიებო უწყებამ არ ამოიღო მ.კ-ს ტანსაცმელი, მისი კომპიუტერი და მიმოწერა ა.ს-სა და სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯარვდებულ გ.ჯ-სთან.
არ გაჩხრიკა მისი სახლი, არ ჩაატარა ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მიკერძოებულად და დაგვიანებით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
ასევე, როგორც ერთ-ერთმა მოწმემ დ.ღ-მ კომისიას განუცხადა, ის პროკურატურამ დაიყოლია, რომ სასამართლოსთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია მ.კ-ს მიერ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელის ჩაყოფის შესახებ.
„მ.კ-ს სასარგებლოდ გამოძიების მიკერძოებას კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს პროკურატურის მოქმედება. კერძოდ, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ჩხუბის დაწყების მომენტში, როდესაც დავით სარალიძე დაეჯახა გ.ჯ-ს და შეაგდო ფარდულში, მას შეყვნენ მ.კ და დ.ღ. ეს დასტურდება ჩვენებათა ერთობლიობით.
მიუხედავად ამისა, პროკურორი ზვიად ფხაკაძე სასამართლოში და კომისიასთან შეხვედრაზე ავითარებდა ვერსიას, რომ მ.კ-მ ჩხუბის დაწყების შემდეგ 8-9 მეტრის მოშორებიდან დაინახა, როგორ მიაყენა გ.ბ-მ დანით ჭრილობები დავით სარალიძეს. ფარდულიდან ამ მანძილზე მ.კ-ს ყოფნის პროკურატურის ვერსია ეყრდნობა მხოლოდ მ.კ-ს ჩვენებას და სრულ წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
მ.კ-თვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალის არ წაყენება
კომისიის დასკვნით, პროკურატურა მ.კ-ს წამოყენებულ ამ ვერსიას მთელი საქმის განმავლობაში იცავდა. მ.კ-მ ასევე თქვა, რომ მას შემდეგ რაც დაინახა როგორ დაარტყა დანა გ.ბ-მ დავით სარალიძეს და გამოვიდა, ის მივარდა სარალიძეს და მუშტებს ურტყამდა, პარალელურად ხედავდა როგორ ურტყამდა სარალიძეს დანას გ.ჯ.
პროკურატურამ ასეთი ქმედება გაშველების მცდელობად წარმოაჩინა, რაც კომისიის დასკვნით, სრული აბსურდია. კომისიის დასკვნით, პროკურატურის ვერსიითაც კი მ.კ მკვლელობის თანამონაწილედ უნდა დასახელებულიყო.
მ.კ-სთვის ცრუ ჩვენების გამო ბრალის არ წაყენება
კომისიის დასკვნით, მ.კ-მ გამოძიებას 3 დეკემბერს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. 2018 წლის 11 აპრილს ეს ჩვენება შეცვალა, 13 აპრილს კი ორი დღით ადრე მიცემული ჩვენება შეცვალა. ამის გამო, კომისიის დასკვნით, შსს-ს გამოძიება უნდა დაეწყო.
მირზა სუბელიანის მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები
კომისიის დასკვნით, გამოძიება არასათანადოდ წარიმართა თავად სუბელიანის მიმართაც. კერძოდ, სუბელიანი არ დაკითხულა 2018 წლის ივნისამდე. არ ამოღებულა მისი ტელეფონი, არადა კომისიის მოთხოვნის შემდეგ ამოღებული ამონაწერიდან ჩანს, რომ სუბელიანი რეგულარულად უკავშირდებოდა საქმის გამომძიებელს. ასევე, 11-13 აპრილს უკავშირდებოდა მ.კ-ს.
ასევე, კომისიის დასკვნით, სუბელიანი მკვლელობის დღეს 15:37-დან 15:59 საათამდე კალანდიების სახლში დანაშაულის დაფარვისკენ მიმართული ყველა უკანონო ქმედების შემსწრე იყო. ხოლო პროკურატურამ ეს დაფარა და სუბელიანი მოიხსენია, როგორც „უცნობი მამაკაცი“.
არ დაკითხულან მირზა სუბელიანის მეუღლე თეა კაკუბავა და ცოლის და - ლელა კაკუბავა
კომისიის დასკვნით, კალანდიების სახლში დანაშაულის დაფარვის თვითმხილველი იყო სუბელიანის ცოლი თეა კაკუბავაც, თუმცა მისით გამოძიება საერთოდ არ დაინტერესებულა. ასევე არ დაუკითხავთ მისი და, მ.კ-ს დედა - ლელა კაკუბავა.
„საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულ გ.ჯ-ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების თანახმად, თეა კაკუბავა დარდობდა, რომ სამართალდამცველები ნახავდნენ „ტელეფონის დარეკილებს“ და „მინაწერებს“ და დაიჭერდნენ მის შვილს ა.ს-ს და მის დისშვილს - მ.კ-ს“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი