ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობისას ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ის ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
„ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“,- აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.