ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ განათლების სამინისტროს და სკოლების თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხზე დასკვნა და სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
კომისიის დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი დარღვევები, რომელიც კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მე-4 თავშია აღწერილი, მიუთითებს სკოლის ადმინისტრაციაში, მანდატურის სამსახურსა და განათლების სამინისტროში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.
რეკომენდაციები:
განათლების მინისტრმა განიხილოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; ასევე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განიხილოს მანდატურის სამსახურის უფროსისა და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს - განიხილოს სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძისა და მისი მოადგილის, თინათინ ყენიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველომ განიხილოს 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე საჯარო სკოლის მანდატურების ანა გუშარაშვილის, თეიმურაზ ზადიშვილის და გიორგი მელიქიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მათ ქმედებებში სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის;
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილოს სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
რეკომენდაციებში საუბარია სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელ ღონისძიებებზე;
„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ ნათლად აჩვენა, რომ სკოლებში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. „ - წერია კომისიის დასკვნაში.
შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად.
საქართველოს ორგანულ კანონში ,,ზოგადი განათლების შესახებ” საჭიროა, შევიდეს ცვლილებები სკოლის დირექტორის სტატუსთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებით:
ა) სკოლაში უსაფრთხო პროცესის წარმართვაზე განისაზღვროს დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა;
ბ) სკოლის დირექტორს მიენიჭოს უფლება, საფუძვლიანი დასაბუთების შემთხვევაში აცილება მისცეს ასარჩევად წარდგენილ სკოლის მანდატურის კანდიდატურას;
გ) სკოლის დირექტორს მიეცეს უფლება, გაანაწილოს ფუნქციები მანდატურებს შორის და მისცეს მათ შესაბამისი დავალებები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში მანდატურის სამსახურის წინაშე დააყენოს მანდატურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
დ) სკოლის სამეურვეო საბჭოს მიენიჭოს უფლება, დროებით შეაჩეროს დირექტორის უფლებამოსილება.
რეკომენდაცია 16. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
ა) შეიმუშაოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ; ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვროს ანტიბულინგური პროგრამის განხორციელების დეტალები, ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის პროგრამა;
ბ) შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა სრული ზოგადი განათლების მისაღებად საჯარო სკოლის სამსაფეხურიანი სწავლების სივრციდან საშუალო საფეხურის გამოყოფის შესახებ;
გ) განსაზღვროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო საფეხურების ისე განლაგება, რომ სასწავლო პროცესში განსხვავებული საფეხურის მოსწავლეებისათვის პერსონალური მოხმარების სივრცეს განეკუთვნებოდეს ცალკე შენობა/ფლიგელი, სამოძრაო კიბე, საპირფარეშო, სასადილო ოთახი, სპორტული დარბაზი;
დ) შსს-სთან ერთად შეიმუშავოს სკოლის უსაფრთხოების ერთიანი კონცეფცია მოსწავლის ქცევის შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 (2016 წლის 12 სექტემბერი) - ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე" ეფექტიანად შესასრულებლად შესაბამისი გზამკვლევი;
ე) დაავალოს საჯარო სკოლებს, რომ შექმნან უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტი, რომელშიც უსაფრთხოების დაცვის კომპონენტების გარდა, ზუსტად იქნება გაწერილი ის პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც ეფექტიანი იქნება კონკრეტული სკოლისთვის;
ვ) შეიმუშაოს დეტალურად გაწერილი პროცედურა, თუ როგორ უნდა მართოს სკოლამ კრიზისული შემთხვევები, როგორ იმოქმედოს ბავშვებს შორის კონფლიქტის ესკალირების დროს, ძალადობის იდენტიფიცირებისა და ქცევითი/ემოციური სირთულეების შემთხვევაში