თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს.
კომპანიაში ამბობენ, რომ სწავლებას „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.
სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კურსები ჩატარდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის“ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები:
- შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას
- გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს
- მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა)
- ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას
„სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე, "- ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.