Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა საფრთხეს უქმნის ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომის გამოძიებას ზურაბიშვილის განცხადებები

12 სექტემბერი, 2018 18:28

რუსეთ საქართველოს ომის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს Justice International - ის დამფუძნებელი (ორგანიზაციის ფინანსური მხარდამჭერი ღია საზოგადოების ფონდია) ნიკა ჯეირანაშვილი კრიტიკულად აფასებს.

ჰააგის სასამართლო 2008 წლის ომს და 2008 წლის ივლის-ოქტომბერში სავარაუდოდ ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები უშუალოდ გამოძიების პროცესზე არ მოახდენს, სავარაუდოდ, გავლენას, თუმცა გამოძიების შემდეგ სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, დაცვის მხარემ სათავისოდ გამოიყენოს.

„იქ შეიძლება სხვადასხვა მხარეებმა სათავისოდ გამოიყენონ მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით თუ პრეზიდენტი გახდება სალომე ზურაბიშვილი მის სიტყვებს წონაც გაეზრდება.“- ამბობს ჯეირანაშვილი.

მისი თქმით, ახლა გამოძიება მიმდინარეობს. პროცესი კონფიდენციალურია და გამომძიებლები საქართველოში ინფორმაციას და მასალებს აგროვებენ. საკმარისი მტკიცებულებების მოგროვების შემდეგ კონკრეტულ პირებზე შესაძლოა, გაიცეს დაკავების ორდერები, ამის შემდეგ კი პროცესი დაიწყება, რომელზეც დაცვის მხარემ შესაძლოა ზურაბიშვილის განცხადებები სათავისოდ გამოიყენოს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე დაყრდნობით გადაწყვეტს სასამართლო, თუმცა შესაძლოა, გავლენა იქონიოს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ  ამ პერიოდში გამოძიებით ვცდილობთ, დავაინტერესოთ საერთაშორისო საზოგადოება.

პარტნიორების დახმარება გვჭირდება, რომ თქვან, რომ უჭერენ მხარს ამ პროცესს. ახლა ეს ინტერესი ძალიან დაბალია.  

პატარა ჯგუფი ადამიანებისა ვცდილობთ, ეს ინტერესი გავზარდოთ. მე პირადად ჰააგაში თითქმის ყველა საელჩო მაქვს მოვლილი, რომ მხარი დაუჭირონ ამ პროცესს. ასეთი განცხადებები შემოგვიტრიალდება ცუდად და გვეტყვიან, თქვენ ვერ გარკვეულხართ და ჩვენგან რას ითხოვთო.“ - ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი.

მისივე თქმით, ახლა როცა ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და უცნობია, ვის წაუყენებენ ბრალს, ასეთი განცხადებები სახიფათოა.

მან ასევე ისაუბრა ქართული მხარის ჩართულობაზეც, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის ნაწილში.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროა ჩართული პროცესში და აქტიურობენ, თუმცა „უფრო მეტია გასაკეთებელი და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩაერთოს პროცესში“ - ამბობს ჯეირანაშვილი და აცხადებს, რომ ქვეყანაში არის განცდა, ამ საქმის გამოძიება ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდება.

„გამოძიება ყველა მხარის წინააღმდეგ მიდის. ძალიან რეალისტურია, რომ ქართველებიც დაიჭირონ. სამხედროები, პოლიტიკური პირები და იმ დროს გადაწყვეტილების მიმღები პირები.

მე პირადად ვეცადე, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დავკავშირებოდი და ამეხსნა, რომ სიტუაცია მძიმეა, თუმცა არავინ დაინტერესებულა, შეხვედრითაც კი არავინ შემხვდა.“

რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ პოლიტიკოსების განცხადებებს მიმდინარე წლის აგვისტოში 11 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა.

10 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ  შემაშფოთებელია, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინაასარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით, 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს უკვე მიმართა ათასობით დაზარალებულმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ რუსი და ოსი სამხედროებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე.  ამასთანავე, რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას საქმის შესახებ.

ამ ვითარებაში დაუშვებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას.“  - ნათქვამია 2018 წლის 10 აგვისტოს 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^