სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის მერმა, რომლის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ „შაბათის კურიერი“ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებდა, თანამდებობა დატოვა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს.
ტელეკომპანია ავრცელებს ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირტია საუბრობენ.
„კვირტია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირტია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირტია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირტია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირტია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.
კვირტია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?" - ჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავის 2-მა“ მოიპოვა.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მართლაც დატოვა. ამის შესახებ მან გუშინ Facebook-ზე დაწერა.