
კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების ლიცენზირების საკითხზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 2000-ზე მეტი ლიცენზია არის გაცემული. მერმა მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, ოქტომბრამდე აიღონ ლიცენზია.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მძღოლებს, რომ იაქტიურონ. ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სერვისის გაწევა. ვისაც არ ექნება ლიცენზია და მაინც იმუშავებს, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება. 200 ლარი არის ჯარიმა ამ კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის ინიციატივით, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, გააჩერონ თავიანთი ავტომობილები ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს, ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.
მერიაში აცხადებენ, რომ ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge