
2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, კანონპროექტი უკვე მზადაა და პარლამენტს გადაეგზავნება.
კახა კალაძის თქმით, პარკირებასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. მან ყურადღება გაამახვილა შემთხვევებზე, როდესაც ქალაქის მუნიციპალური საპარკინგე ადგილები თვითნებურად აქვთ შემოსაზღვრული და განაცხადა, რომ არავის არ აქვს უფლება, მუნიციპალიტეტის საპარკინგე ადგილებზე, სადაც ადამიანები საფასურს იხდიან, ვინმემ შეზღუდოს ავტომობილის გაჩერება.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს, კომერციული ფართის მფლობელები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ე.წ. „სტაიანშჩიკები“. მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი საპარკინგე ადგილები, რომელიც არის მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა. ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინც მართლაც იხდის პარკინგის საფასურს. ამ ადამიანებს ჩაკეტილი აქვთ ადგილები და იყენებენ სათავისოდ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მინდა, დავავალო ზედამხედველობის სამსახურს, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს ეს ყველაფერი“,- განაცხადა თბილისის მერმა.