ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 4000 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელს მართავს. კომპანიის პრიორიტეტია მოსახლეობის უზრუნველყოფა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით. დღემდე კომპანიამ ამორტიზებული ქსელის 700 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა, შედეგად ქსელზე დაზიანებების რაოდენობა 35 %-ით შემცირდა და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე კომპანიამ 200 კმ -ზე მეტი სიგრძის ახალი ქსელი განავითარა თბილისის ისეთ დასახლებებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.
“კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 500 000 აბონენტს 24 საათიან რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყლით ამარაგებს. დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს პროცესებს ვმართავთ, რაც გულისხმობს მდინარე არაგვის ხეობიდან წყლის მოპოვებას, წყლის დამუშავებას და გაფილტვრას, მაგისტრალური წყალდენების საშუალებით წყლის ტრანსპორტირებას და დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტად, სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
ბოლო სამ წელიწადში წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით თბილისის 400 ქუჩაზე შევცვალეთ ამორტიზებული ქსელი. 2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ და თბილისში 350კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად განვაახლებთ.” - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია სამ მთავარ მიმართულებაზე: ეს არის წყალმომარაგების მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დარგის სპეციალისტების განვითარება.