საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს ბიძინა ივანიშვილს საშუალება ქვეყნის განადგურების.
„ივანიშვილი და მთელი მისი მინისტრები დაემწკრივნენ და ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკისთვის ძალიან კარგი. ჩვენ უკვე ვნახეთ ივანიშვილის ერთი ინიციატივა ბიტკოინების ქარხანა გლდანში. მინდა გკითხოთ, რომელიმე თქვენგანმა რამე შემოსავალი მიიღო ბიტკოინებისგან? გარდა იმისა, რომ გაგიძვირდათ დენი, რადგან ბიტკოინების ქარხანას მინიმალურ ფასში მიეწოდებოდა დენი თითოეული თქვენგანის ხარჯზე. ზუსტად ასევეა მარიხუანაც. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი დაინტერესებულია, გლეხები გაკოტრდნენ. ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ვაზი გაიჩეხოს და თხილი და ციტრუსი გაიჩეხოს. მიწები იაფად ჩაიგდოს ხელში.
თქვენ უნდა შეხედოთ მარიხუანას ბაზარს და ნახოთ, რომ ეს ბაზარი არის პრაქტიკულად ჩაკეტილი. ეს მარიხუანა არ გავა ექსპორტზე, რადგან საექსპორტო ბაზარი დიდი ხანია, განაწილებული აქვთ ძალიან დიდი წარმოების მქონე ქვეყნებს. პრაქტიკულად, ჩვენ მივიღებთ დიდ შიდა ქსელს.
ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, ჩვენ გვიმზადებენ კოლუმბიას. ამიტომ ჩვენ ამ პირობებში უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი და არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება, გადაჯიშება, რადგან, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, ეს არ არის თავისუფლება.
ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული. კარტელს მოაქვს ხელისუფლების უზურპაცია, უკიდურესი გაღატაკება და, პირდაპირ რო ვთქვათ, გამოშტერება. მე არ მინდა ჩემი ქვეყნისთვის ეგ. არ მივცეთ ივანიშვილს ამ თავისი პათოლოგიური გამდიდრების სურვილის და ქართველი ერის სიძულვილის გამო ქვეყნის განადგურების ნება. ეს აღარ არის ხუმრობა" , - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.