აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის დამგმობი რეზოლუცია 12 სექტემბერს წარედგინა.
რეზოლუცია (H. Res. 1030) გმობს სირიის მიერ საქართველოს სეპარატისტული, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
ორპარტიული რეზოლუციის ინიციატორია ფრენსის რუნი (რესპუბლიკელი, ფლორიდის შტატი) და მას ჰყავს 6 თანაინიციატორი კონგრესმენი ორივე პარტიიდან.
რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას.
რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიაში მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოს საიმედო პარტნიორობას.
რეზოლუციის მნიშვნელობა დაადასტურა აშშ-ში საქართველოს საელჩომ, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი და მთავარი ასპექტები გაავრცელა.
„ამერიკის ხმის" მასალა