პატრიარქის ქორეპისკოპსმა, იაკობმა, პარლამენტში მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი გააკრიტიკა. იაკობის თქმით, ამ კანონპროექტის მიღება ერის სირცხვილი იქნება, მათ შორის დასავლელი პარტნიორების თვალში.
„ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი. ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. 2016-დან ვერ ვცნობ, ვინ არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო და უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო და უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა... ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყავდით, აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს“, - თქვა იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე.
ქორეპისკოპოსის თქმით, საქართველომ თავისი კულტურისა და ისტორიის შესაფერისი ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიო თანამეგობრობაში, ხოლო „ნარკობარონები“ არავის უნდა.
„ეს რუსული ოკუპაცია უნდა მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, მსოფლიოს თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ, რაც ჩვენ ერს თავისი კულტურის და თავისი ისტორიის მიხედვით ეკუთვნის. სირცხვილი არ არის დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ - ვის რად უნდა ნარკობარონები? რომელიმეს გინდათ?“, - მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს.
მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პროტესტის შემდეგ პარლამენტმა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დროებით გადადო.
მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორად გაიყოფა. შსს-ს წარდგენილ ნაწილს მარიხუანის მოხმარების რეგულირებაზე პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს, კულტივაციის შესახებ ნაწილზე კი მოგვიანებით იმსჯელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ თემაზე „ქართული ოცნება“ ფართო კონსულტაციებს გამართავს, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.