
მიმდინარე კვირას საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შინამეურნეობათა კვლევა იწყება. კვლევის შედეგად შეგროვდება საერთაშორისო დონზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.
როგორც დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს, ვენიდან. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში, იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. როგორც „ლიბერალს“ განუმარტეს, კვლევა არ ითვალისწინებს სისხლში ტყვიის არსებობის მიზეზების გამოკვლევას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, პაატა იმნაძის თქმით, პირველ ეტეპზე მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირება და საერთო სურათის დანახვა.
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის გაზომვა არის ნებაყოფლობითი და დამოკიდებულია მშობლის ნებართვაზე.
რატომ არის ორგანიზმში ტყვია საზიანო?
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტყვია ორგანიზმში ძალიან დამაზიანებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მის მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია ბავშვის ინტელექტის დაქვეითება და სხვა დაავადებების გამოწვევა. ორგანიზმში ტყვიის შემცველობის შემოწმება ხდება ვენური სისხლის ანალიზით.
ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის UNICEF კვლევის ფარგლებში
წყლის შემოწმება შინამეურნეობებში კი მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ყოველ მეოთხე ოჯახში ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. შედეგები გამოავლენს სასმელი წყლის ხარისხს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე თითოეულ რეგიონში.
კიდევ რა საკითხებზე შეგროვდება მონაცემები?
კვლევის ფარგლებში ასევე შეგროვდება მოანცემები:
გარემოს დაცვა - შემოწმდება წყლის ხარისხი, გამოიკითხება ენერგიის მოხმარება;
ინფრასტრუქტურა - ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე, ელეტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე; სანიტარული მდგომარეობა;
ჯანდაცვა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ტყვიის შემცველობა 2-7 წლის ბავშვებში;
განათლება - არასათანადო ზრუნვა, წიგნებზე ხელმისაწვდომობა, ბავშვის აღზრდის მეთოდები და ა.შ.
შეზღუდული შესაძლებლობები - ზრდასრული პირების და ბავშვის ფუნქციონირების შეფასება;
დევნილები და ეროვნული უმცირესობები - მთავარი სოციალური ინდიკატორების ანალიზი;
გენდერული საკითხები - ადრეული ქორწინება, ქალთა ჯანმრთელობა და ა.შ.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, კვლევა მოგვცემს მნიშვნელოვან მონაცემებს საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის, სასმელი წყლის ხარისხისა და ბავშვებში ტყვიის შემცველობის შესახებ და დაეხმარება მთავრობას მოქმალაქეების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავებაში.
კვლევის ფარგლებში მონაცემების შეგროვების სავალე სამუშაოები იწყება 20 სექტემბერს და გაგრძელდება 20 დეკემბრამდე. კვლევა ჩატარდება 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, თითო ოჯახში შედის კვლევაზე მომუშავე მინიმუმ 3 ადამიანი, რომელთა სამუშაოც ითვალისწინებს: ინტერვიუს ოჯახის წევრებთან, სასმელი წყლი სინჯის აღებას, 5 წლამდე ბავშვების აწონვასა და გაზომვას, 2-7 წლის ბავშვის ვენიდან სისხლის აღებას.
კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2019 წლის გაზაფხულზე იქნება. საქართველოში ბოლოს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა 2005 წელს ჩატარდა.
კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანასური მხარდაჭერით.