მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
აღნიშნული პროექტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით ფლობა, ასევე გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ისევ 500 ლარით დაჯარიმას გამოიწვევს.
ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების [ანუ მცირე ოდენობით მარიხუანის ფლობა] განმეორების შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 160 საათამდე. ჯარიმის ოდენობა 1500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
საქართველოს კანონმდებლობით, გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამამდეა, ხოლო ნედლის 10 გრამამდე. მცენარე კანაფის კი 10 გრამამდე. [70 გრამამდე მარიხუანის ფლობა ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა არ ისჯება თავისუფლების აღვეთით. 70 გრამზე მეტის შემთხვევაში კი კანონმდებლობა თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა].
პროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ჩაითვლება მისი მიღების პროცესი ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი.
გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და შემდეგ უკვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით მარიხუანის მოხმარება აღარ ისჯება [გარდა ცალკეული შემთხვევებისა. იხ. ვრცლად], თუმცა მისი მცირე ოდენობით ფლობა ჯერ ადმინისტრაციულ, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს [ჯარიმისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით] .
„ალბათ, უფრო მეტად ლოგიკური იქნებოდა, რომ კანაფის ექსპორტის ნაცვლად ეფიქრათ ისეთ გზებზე, რაც ლეგალურს გახდიდა კონკრეტულ შეზღუდულ სივრცეში, მონიტორინგის პირობებში [მარიხუანის] მოპოვებას. არა შავ ბაზარზე, არა კრიმინალთან ახლოს, არამედ პირიქით. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე კანაფის ექსპორტი", - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის იურისტი სოფო ვერძეული.