საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები გადაჰყავდა, სირიის ხელისუფლებამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას მოსკოვის ოფიციალური პირები ადასტურებენ.
სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან რუსულ თვითმფრინავს ისრაელის ავიაციის თავდასხმისას ესროლეს, რადგან შეცდომით ებრაელი სამხედროები ეგონათ. ამის გამო, მომხდარ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება ისრაელს ადანაშაულებს.
„ისრაელის უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რაც რუსეთ-ისრაელის ურთიერთობაზე კარგად არ აისახება“, - თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ მაიორმა იგორ კონაშენკოვმა RIA-ს ეთერში.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რომლებიც სირიაში მუშაობენ, სირიის სახელისუფლებო ძალები რუსული S-200 ტიპის საზენიტო დანადგარებით ისრაელის ავიადარტყმების შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა რაკეტა შემთხვევით რუსულ ხომალდს მოარტყეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
რუსული ახალი ამბების სააგენტოს TASS თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ IL-20 ტიპის ხომალდი ხმელთაშუა ზღვის თავზე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მას ოთხი ებრაული F-16 ტიპის გამანადგურებელი „ამოეფარა“. ისრაელის ავიაციამ გუშინ იერიში ლათაკიის პროვინციაზე მიიტანა, სადაც დიდი რაოდენობით რუსი სამხედროები არიან.
მოსკოვი, ასევე ამტკიცებს, რომ ისრაელმა რუსეთი იერიშის შესახებ ავიადარტყმებამდე მხოლოდ ერთი წუთით ადრე გააფრთხილა, რის გამოც რუსმა სამხედროებმა დროული რეაგირება ვერ მოასწრეს.