განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადის მიცემის საკითხს სამინისტრო უმაღლესი განათლების ექსპერტების, რექტორთა საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განიხილავს. სამინისტროს მიერ გავრცელებუი ინფორმაციით, „ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია განვლილი პროცესისა და მიმდინარე ავტორიზაციის პირობებში გამოვლენილი ხარვეზებით“.
უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს. საქმე ეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდება.
„მინისტრი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს. პირიქით, სამინისტროს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტებმა ხარვეზები გამოასწორონ. შესაბამისად, სამინისტრო მათ პროცესების შეფასებასა და სამომავლოდ, სწორად ჩამოყალიბებში დაეხმარება“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება. ამ მიზნით, მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა.
ექსპერტთა შეფასებით, უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილების საჭიროების დასაბუთება, რომლის თანახმადაც, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში ეწურებათ ავტორიზაციის 6-წლიანი პერიოდი, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, აზრს მოკლებულია.
გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რაც ამ ეტაპზე არის არათანმიმდევრული, აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება“, – ნათქვამია უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.