დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ალკოჰოლის მოხმარებასა და გაყიდვის შეზღუდვაზე საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება.
არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას თქმით, ცენტრი ალკოჰოლის შეზღუდვაზე კანონპროექტს არ ამზადებს და მათ ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტი მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციებია.
„ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები, რომ შემცირდეს ალკოჰოლისგან გამოწვეული ტვირთი ჯანმრთელობაზე. ჯანმო-ს რეკომენდაციებია ნათარგმნი. ზოგი ქვეყანა აქედან ათიდან ათს გამოიყენებს, ზოგიერთი კი - არც ერთს. რჩევებია არანაირი მინიშნებით, რას და როდის აპირებს ან შეიძლება დააპიროს საქართველომ“, - განმარტავს „ლიბერალთან“ ლელა სტურუა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ალკოჰოლის რეგულირებასთან დაკავშირებით დოკუმენტი მართლაც დევს.
„ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების სახელმწიფო სტრატეგია 2015 მუშა დოკუმენტი“, - ასეთი სათაურით არის განთავსებული დოკუმენტი, რომელშიც განხილულია ალკოჰოლის მოხმარების შესახებ სხვადასხვა კვლევა, ტენდენციები და ეროვნული სტრატეგია ალკოჰოლის საზიანო მოხმარებაზე.
ეროვნული სტრატეგია, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ აქვს, ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების და საათების რეგულირებაზე, სასმელებში ალკოჰოლის შემცირებაზე, ფასების გამკაცრებასა და სხვა საკითხებზე:
- პოლიტიკის მართვა: ალკოჰოლის საწინააღმდეგო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამისთვის ჯანმო-ს რეკომენდაციით, უნდა შეიქმნას სპეციალური სააგენტო ან ინსტიტუტი, მოხდეს ალკოჰოლის სტრატეგიის კოორდინირება და სხვ.
- ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის საწინააღმდეგო კანონები: „ალკოჰოლის მცირე ოდენობაც კი ცვლის ტრანსპორტის მართვის შესაძლებლობებს“ - წერია დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც, ჯანმო-ს რეკომენდაციით, სისხლში ალკოჰოლის შემცველობის ლიმიტი უნდა შემცირდეს.
- ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა: უნდა მოხდეს ალკოჰოლის საცალო გაყიდვის ადგილების შემცირება და ალკოჰოლის მოხმარების ადგილების რაოდენობის საკანონმდებლო რეგულირება. საცალო გაყიდვების დღეებისა და საათების რეგულირება და სხვ.
- ალკოჰლური სასმელების მარკეტინგი: ეს გულისხმობს ალკოჰოლის მარკეტინგის შეზრუდვას მედიაში, მისი საწინააღმდეგო კამპანიების დაფინანსებას და ა.შ.
- ალკოჰოლის მოხმარებისა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციების ნეგატიური შედეგების შემცირება: ეს რეკომენდაცია გულისხმობს მომხმარებლებში დალევის სიხშირისა და ზომის შემცირებას. ე.წ. „მძიმე სმის“ კლებას, რომლის შედეგადაც ზიანი ხშირად ადგება არა მარტო მომხმარებელს, არამედ სხვა პირებსაც. ამისთვის უნდა მოხდეს სასმელებში ალკოჰოლის დოზის შემცირება, ალკოჰოლის აგრესიული მომხმარებლების სწორი პრევენცია და მართვა.
- საზოგადოების ჯანმრთელობაზე არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლის გავლენისა და ზემოქმედების შემცირება: ეს რეკომენდაცია აღურიცხავი და არალეგალური ალკოჰოლის წარმოებისა და გაყიდვის რეგულირებას გულიხმობს.
- ფასების პოლიტიკა: ამ რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, უნდა შეიზღუდოს ფასდაკლებები ალკოჰოლურ სასმელებზე და პირიქით, უნდა წახალისდეს ფასდაკლება არაალკოჰოლურ სასმელებზე.
- საზოგადოებრივი ქმედება: ჯანმო-ს რეკომენდაციით, ალკოჰოლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში უნდა ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები.
- ჯანმრთელობის სერვისების პასუხი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანდაცვის სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ალკოჰოლით გამოწვეულ ზიანთან ბრძოლაში, უნდა ხდებოდეს საზიანო მოხმარების ადრეული იდენტიფიკაცია და მენეჯმენტი ორსულ ქალებში და სხვ.
- მონიტორინგი და ზედამხედველობა: სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ჯანმო-ს რეკომენდაციით, საჭიროა მისი მონიტორინგი და ზედამხედველობა.