სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტზე „ქართული ოცნება“ დააწერეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.
როგორც ბაღის გამგე მიმოზა დამენიამ „ლაივპრესს“ უთხრა, „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ტორტი ხელისუფლების პატივსაცემად გააკეთეს.
„ჩვენ ოცნების დროშებიც გვქონდა გარეთ საქართველოს დროშასთან ერთად აღმართული, მაგრამ გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე ოცნების ლოგოც გადაგვიხაზა. ეს რად გინდოდათო - გვითხრა.
ოცნებაა ახლა ხელისუფლებაში და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა, გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა. ვინმეს რომ ეთქვა მანამდე, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ, ყველგან „ქართული ოცნების“ დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, ამით რა დავაშავეთ, არ ვიცი“, - თქვა დამენიამ.
სოფელ კირცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე საბავშვო ბაღში მივიდნენ სამეგრელოს გუბერნატორი და ჩხოროწყუს მერი.
ფოტო: „ლაივპრესი“