პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და 2019 წლიდან პარლამენტი სრულად გადავა თბილისში.
„თითქმის არ დარჩენილა პარლამენტის წევრი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ ჰქონოდა. ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების არის რამდენიმე. ერთი, რომ თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, ეს ძალიან აზიანებს. მეორე, არის დიდ ხარჯთან დაკავშირებული. მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან ართულებს საქმეს. ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა. ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება. 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან.