მამაკაცი, რომელმაც დღეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე, ჭიშკართან შეკრებილ ბავშვებს მსუბუქი ავტომობილი Opel Combo დააჯახა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია. ლევან მამსიკაშვილი მერიის კულტურის სამსახურში მუშაობს და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზაზა მიგრიაულის ცოლის ძმაა. ამის შსახებ ინფორმაციას „რეგინფო“ ავრცელებს.
მათვიცე ცნობით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, სავარაუდოდ ნივთების ასაღებად, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან ჯაჭვის გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა.
„გავიდა კადრები ვითომ ეს შევიდა და ხალხი დააზიანა. სად მივარდა, როგორ გეკადრებათ. იქ ბავშვები რომ გამიმწკრივეს და შესვლის საშუალებას არ მაძლევდნენ, ეგ უნდა დაგეფიქსირებინათ. ლევან მამსიკაშვილი გამოკითხვაზეა და 276-ე მუხლით უდგენენ ბრალს, ვითომ დანაშაული ჩაიდინა და ხალხი დააზიანა. ვინ დააზიანა? დაზიანება ვის აქვს? ეს დაშავებული ადამიანი გინახავთ? როგორ არის ნაცემი მაგათგან? თქვენ მაგათ უჭერთ მხარს? სირცხვილია ხალხო. ლევან მამსიკაშვილი არის ჩემი ცოლის ძმა და კულტურის სამსახურში მუშაობს. იმიტომ არა, რომ ის ჩემია, ყველას დავიცავდი. მაჩალიკაშვილი საერთოდ ვინ არის? რას კითხულობს იქ? ღონისძიება დაგეგმეს პანკისელებმა. მე კი არ დავუგეგმე პანკისელებს ღონისძიება“, - განაცხადა „რეგინფოსთან“ საუბარში ახმეტის მერის მოადგილემ, ზაზა მიგრიაულმა.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: „რეგინფო“