იუსტიციის საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა თავშესაფარი მისცა და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის 4-წევრიან ოჯახს. სწორედ აღნიშნული ცოლ-ქმარი ცნო დამნაშავედ სასამართლომ საქმეში, რომელშიც იუსტიციის საბჭოს მდივანი და ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეა მთავარი ფიგურანტი.
„რამდენიმე ხნის წინ, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თამარ ხაჭაპურიძემ და კახაბერ ხაჩიძემ, მათ შორის მათმა შვილებმა მიიღეს თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში და მიენიჭათ ლტოლვილის სტატუსი, შესაბამისად,მათ მიეცათ 2023 წლამდე დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ნებართვა.
- ფაქტია, რომ ოჯახმა ქვეყანა დატოვა სწორედ გიორგი მიქაუტაძესთან დაპირისპირების შემდეგ.
- ფაქტია, რომ ხაჩიძისა და ხაჭაპურიძის ოჯახთან დაკავშირებულ ორივე საქმეში მთავარი ფიგურანტია გიორგი მიქაუტაძე.
- ფაქტია, რომ კახაბერ ხაჩიძე და თამარ ხაჭაპურიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
- ფაქტია, რომ დიდმა ბრიტანეთმა 4-წევრიან ოჯახს მისცა თავშესაფარი და მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.
მაშინ, როდესაც ქვეყნის გამოცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაუბრუნდნენ სამშობლოს, სამწუხაროა, რომ გავლენიანი მოსამართლის გამო ადამიანები საქართველოს ტოვებენ.
აუცილებელია, სწორი შეფასებები მიეცეს გიორგი მიქაუტაძის საქმიანობას, როგორც ერთ-ერთ გავლენიან პირს სასამართლო სისტემაში და დაისვას კითხვა - აქვს თუ არა მას მორალური უფლება, გახდეს მოსამართლე უვადოდ და იყოს სასამართლო სისტემის ნაწილი მომავალი 29 წლის განმავლობაში", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის საბჭოს წევრმა მედიას ხაჭაპურიძისა და ხაჩიძის მიერ ბრიტანეთში თავშესაფრის მიღებისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაცია წარუდგინა.
ჯანეზაშვილი თქმით, ამჟამად იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობს მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსში. გიორგი მიქაუტაძეს მოსამართლის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წელს. „ცხადია, რომ იგი არ ელოდება აღნიშნული ვადის ამოწურვას. ცდილობს, გამოიყენოს მისი ესოდენ გავლენიანი სტატუსი და მდგომარეობა, ანუ ცდილობს, დროზე ადრე, პრივილეგირებულად მოისხას მოსამართლის მანტია უვადოდ, ანუ პოტენციურად იგი მოსამართლე იქნება 2047 წლამდე“.
რაც შეეხება თამარ ხაჭაპუირიძესა და კახაბერ ხაჩიძესთან დაკავშირებულ საქმეს, როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, მას ადვოკატმა სულხან კაპანაძემ ცოტა ხნის წინ მიმართა.
ჯანეზაშვილის განცხადებით, საკითხი ეხება, 2016 წელს გონიოში, ზღვის სანაპიროზე, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის შვილის - 13 წლის დავით ხაჩიძისა და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარის მიქაუტაძის ურთიერთდაპირისპირებას.
„კახაბერ ხაჩიძისა და თამარ ხაჭაპურიძის მიმართ, საქმეზე, სადაც გიორგი მიქაურტაძეს აქვს დაზარალებულის სტატუსი, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა 2018 წლის 23 ივლისს გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს ის მოსამართლეა, რომლის უვადოდ გადანიშვნისას მასთან გასაუბრებაში მონაწილეობდა გიორგი მიქაუტაძე, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტის ძალზედ აშკარა შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ჩემ მიერ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ თქვა გიორგი მიქაუტაძემ უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ის შემდგომ გამოეთიშა კენჭისყრის პროცესს, თუმცა მანამდე, როგორც ჩანს, თვითაცილების საკითხის დაყენებაზე არც უფიქრია და არც უშუალოდ კიკილაშვილს აღუნიშნავს ამის შესახებ გასაუბრების მსვლელობისას. კონკურსი ერთი მთლიანი პროცესია, რომელიც სხვადასხვა კომპონენტიისგან შედგება, გასაუბრება და კენჭისყრა კი კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის შემდეგ, ამ სერიოზული დარღვევის მიუხედავად, მიმდინარე წლის თებერვალში ხვიჩა კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნა უვადოდ.
ხოლო მეორე საქმე, რომელშიც ასევე ფიგურირებს გიორგი მიქაუტაძე - არასრულწლოვან დავით ხაჩიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა დღემდე ჭიანურდება, მიუხედავად ორი წლის გასვლისა, საქმეზე რამე შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა".
ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, კახაბერ ხაჩიძემ და თამარ ხაჭაპურიძემ საქართველო 2017 წლის 30 ივლისს, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესების დასრულებამდე დატოვეს. ისინი 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად გაემგზავრნენ დიდ ბრიტანეთში. მოგვიანებით სწორედ იქ შეიტყვეს, რომ ქართულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო.