
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
„ძალა ერთობაშია“ იუსტიციის სამინისტროსგან მერაბიშვილის ვადამდელი-პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას, მის სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში გადაყვანასა და სათანადო სამედიცინო კვლევების ჩატარებას მოითხოვს.
როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანსა და გიორგი მარგველაშვილს აკისრებს.
„გვინდა, ყურადღება მივაპყროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მცირე და დიდი პალატის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი. ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. ის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამინისტრო მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროვებს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.