ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. მისი თქმით, ყოფილ მაღალჩინოსანს თვეზე მეტია იკვლევენ, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუდგინეს.
„გუშინ ცოტა გადაჭარბებულად თქვეს, რომ ვერ იცნობ. იცნობ, მაგრამ მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული. მან თქვა, რომ თვითონაც არ იცის, რას ნიშნავს ეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად, ცხადია, რომ თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი. ის უკმაყოფილო არ არის, თქვა, რომ ციხეში კარგად ექცევიან“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამინისტრო მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროვებს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.