საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. ფედერიკა მოგერინის მხრიდან კი, საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს კომისართან ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. უნდა აღინიშნოს, რომ მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, გადადგას ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების მიღმა, რაც ბუნებრივია ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სერიოზული წვლილი შეაქვს, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებში ძალიან აქტიურ ჩართულობას და მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.