დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ანგარიშები, რომლებიც აფასებს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ დოკუმენტი „მწვანე ალტერნატივის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ მოამზადა.
როგორც პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში გარემოს დაბინძურების მხრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოდგენს.
თუმცა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში ჰაერის ხარისხის მართვის კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია და ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ამის საილუსტრაციოდ კი მოტანილია სტატისტიკური მონაცემები:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტებისთვის ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების (მყარი შეწონილი ნაწილაკების) კონცენტრაცია ორჯერ მეტია რეკომენდებულ საშუალო წლიურ რაოდენობაზე.
2017 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში „ჯანმრთელობის მონიტორინგი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა შენობაში და შენობის გარეთ არსებული დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობით (ყოველ 100 000 ადამიანზე).
2018 წლის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 120 მილიონი ლარი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაზე.
ჰაერის ეფექტიან მონიტორინგთან დაკავშირებული სირთულეები
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოში არსებული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის საბჭოს დირექტივებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დამონტაჟებული მთელი რიგი ახალი ავტომატური სადგურების მიუხედავად, მონიტორინგზე პასუხისმგებელმა ორგანომ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ - ვერ შეძლო საქართველოში ჰაერის დაბინძურების სრულმასშტაბიანი და ადვილად გასაგები სურათის მოწოდება.
„მთავრობა აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურება საშუალოა და არ განსხვავდება აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ჰაერის ხარისხისგან. მიუხედავად ამისა, თბილისის ავტომატური სადგურებიდან მიღებული 2017 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციები მიწის ზედაპირთან არსებული ოზონის, გოგირდის ორჟანგის, აზოტის ოქსირების და მხუთავი გაზებისთვის ეროვნულ ზღვრულ მაჩვენებელს 1.5-2-ჯერ აჭარბებს. აღნიშნული დამაბინძურებლებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციები გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ზღვრული სიდიდეებისათვის“.
ტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურება და მასთან ბრძოლის გზები
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურების სულ მცირე 75% ტრანსპორტზე მოდის. სატრანსპორტო საშუალებებიდან, კერძოდ, ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის გაზრდილი ოდენობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 9% არის 1-დან 9 წლამდე, არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საწვავის ხარისხიც პრობლემურია.
მაგალითისთვის, 2016-2017 წლებში სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით გაფანტული დაახლოებით 1000 ბენზინგასამართი სადგურიდან ბენზინისა და დიზელის ნიმუშების მხოლოდ 30 შემოწმება ჩაატარა, რაც როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აშკარად არ არის საკმარისი:
„ამასთან გაირკვა, რომ 2017 წლის დეკემბერში სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურში გაყიდვაში არსებული დიზელი შეიცავდა სტანდარტით დაშვებულზე სამჯერ მეტ გოგირდს. თუმცა ამ საკითხზე არ მომხდარა საზოგადოების ინფორმირება“.
გამონაბოლქვი სამრეწველო წყაროებიდან
ანგარიშის თანახმად, შეფასებულია, რომ შეწონილი ნაწილაკების 65%-ს სამრეწველო სექტორი გამოაფრქვევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ რუსთავში, კასპში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში ჰაერი სერიოზულად ბინძურდება სამრეწველო ობიექტებიდან. მაგალითად, ზესტაფონში ფეროშენადნობთა ძველი ქარხნის მიზეზით MNO 2-ის კონცენტრაცია ხუთჯერ აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ კონცენტრაციას.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან უნდა ახლდეს მთელი რიგი საქმიანობები, მათ შორის:
• ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება. ფინანსური რესურსების გამოყოფა და ატმოსფერული ჰაერის არსებული დაბინძურების აღმოსაფხვრელად საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა საწარმოებსა და მუნიციპალიტეტებში;
• ატმოსფერული ჰაერის დაცვის კონკრეტული გეგმების შემუშავება და განხორციელება მრეწველობის ყველაზე პრობლემური სფეროებისთვის, „იხდის დამბინძურებელი“ პრინციპზე დაყრდნობით;
• ქვეყნის მასშტაბით კვლევის ჩატარება, რომელიც გამოავლენს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების „ცხელ წერტილებს“ : ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა, რომლებშიც ჩაერთვებიან ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ“.
იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია: