„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დასაცავად ოპოზიციური პარტიების ნაწილი სპეციალურ კომიტეტს ქმნის. „იბერიის დაცვის კომიტეტი“ ბიზნესოპერატორისა და მედიის დასაცავად საინფორმაციო და საპროტესტო კამპანიას გეგმავს.
„იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ საერთაშორისო დონეზე გახმაურდეს ის პრობლემები, რაც აქვს „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფს“. ვემზადებით აქციებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს“, - უთხრა „იბერიას“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ.
მოძრაობა „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა გამყრელიძის თქმით, „იბერიის“ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების ერთად ბრძოლით მოხდება. მისი თქმით, მხოლოდ ასე დაინგრევა ის „მანქანა“, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს.
კომიტეტის წევრმა და „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა კი მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ უნდა დავინახოთ ძალიან ნათლად, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი სატელიტი პარტიები პირდაპირ ყელში უსვამენ დანას ქართულ სახელმწიფოს. ქართული სახელმწიფო მოკვდება და ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთხელ 90-იან წლებს. ამიტომ უნდა შევაჩეროთ ეს და დავიწყოთ კანონის უზენაესობის დამკვიდრება“, - თქვა კუკავამ „იბერიის“ ეთერში.