მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებას.
„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“, - განაცხადა სერგეენკომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
--
გია თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში, ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრიუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდების მხარის თქმით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გუშინ, თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით კი ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფიში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის კლინიკაში რჩება. როგორც თვალავაძის ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, მისი ინფორმაციით, თვალავაძე კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს.