კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სრულდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური პროექტის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით, ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს.
სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, შეკეთდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები.
სააგენტოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილები, დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.
კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.
სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯმა 2014-2015 წწ. 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი კერძო საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯის ჯამურმა რაოდენობამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.
სააგენტოს ინფორმაციით, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის მასშტაბური პროექტი 2014 წელს დაიწყო და ფონდ „ქართუს“ ფინასური მხარდაჭერით წარიმართა.
__________________________
მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. ეს არის მიუვალი სიმაგრე და უანალოგო კომპლექსი, რომელიც განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფელი მუცო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე.