„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას - LIST. ჩვენ შემოგთავაზებთ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების რჩეულ ფილმებს, წიგნებს, მუსიკას, მოვლენებს...
რუბრიკა მუშაობას პრეზიდენტობის კანდიდატთა რჩეული ფილმებით იწყებს. გთავაზობთ მიხეილ-გელა სალუაშვილის 7 რჩეულ ფილმს.
გიორგი სააკაძე (1942)
„ეს ფილმი ქართული ისტორიული ჟანრის ამსახველი ერთ-ერთი პირველი ფილმი გახლავთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს აცოცხლებს“
დავით გურამიშვილი (1946)
„ქართული სულის უტეხობის ამსახველ ფილმთა შორის ჩემთვის თავისებურად გამორჩეულია ნიკოლოზ სანიშვილისა და იოსებ თუმანიშვილის მიერ 1946 წლს გადაღებული ფილმი - „დავით გურამიშვილი“, რომელშიც უდიდეს ქართველ პოეტთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნების მძიმე ადამიანური ხვედრია გადმოცემული“
ჯარისკაცის მამა (1964)
„როგორ შეიძლება გვერდი აუარო და საყვარელ ფილმთა ჩამონათვალში არ მოიხსენიო რეზო ჩხეიძის ფილმი „ჯარისკაცის მამა“, სადაც სხვა ეპიზოდებს შორის ნიშანდობლივია - დაჭრილი შვილის მოსანახულებლად წასული მთავარი გმირის მიერ, ალეგორიული ფორმით გადმოცემული, ქართული სულის თავისუფლებისაკენ სწრაფვის ამსახველი ფრაგმენტი - რუსული ტანკის უკან დახევისა და რუსი ოფიცრისათვის სილის გაწვნის დაუვიწყარი სცენა.
დიდოსტატის მარჯვენა (1970)
„მომწონს - სვეტიცხოვლის გენიალური ხუროთმოძღვრის კონსტანტინე არსაკიძისა და გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის - გიორგი პირველის პირობითი დაპირისპირების ამსახველი ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმი - „დიდოსტატის მარჯვენა“, ეპიკური ჟანრის სტილში გადაღებული ეს ფილმი გამომსახველობითი მრავალფეროვნებითა და დრამატული მოვლენების საუკეთესო ნაერთად შეიძლება მივიჩნიოთ“.
დათა თუთაშხია (1978)
„გიგა ლორთქიფანიძის ფილმი უბრალო ქართველი კაცის გონებრივი განვითარების მრავალშრიანობის ასახვის უბადლო ნიმუშია“
მონანიება (1984)
„საბჭოთა იმპერიასთან დაპირისპირებული, სახელმწიფოებრივი და პიროვნული თავისუფლებისაკენ მსწრაფი უტეხი ქართული სულის ბრძოლის ამსახველ ფილმთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებულ ფილმს - „მონანიებას“ უკავია. ფილმის მთავარი სათქმელი გენიალური ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის მიერ ნათქვამ უკვდავ ფრაზაშია ასახული - „რად გვინდა გზა. რომელსაც ტაძრამდე არ მივყავართო“.
ქართველები იტალიაში (1980) / საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (1985 წ)
„დასასრულს მინდა გამოვყო მრავალმხრივ განათლებული პიროვნების, საქართველოს უახლესი ისტორიული წარსულის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარის მწერლისა და რეჟისორის რეზო თაბულაშვილის მიერ - საავტორო დოკუმენტური ფილმების ჟანრში გადაღებული ფილმები - „ქართველები იტალიაში“ და „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.