ამ წუთებში „ქართული ოცნების" ოფისში პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის უმრავლესობის სახელით განცხადებას აკეთებს.
საუბარი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების გახსენებით დაიწყო. ისაუბრა ენმ-ის ხელისუფლებაზე.
„ამ რეჟიმის დანაშაული იყო: ძალადობა, კორუფცია და რუსეთისთვის ჩვენი ორი რეგიონის ჩაბარება. ქართველი ხალხის წინაშე ენმ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება." - თქვა კალაძემ.
შემდეგ ისაუბრა „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდზე.
„2012 წლიდან აღიკვეთა პატიმრების ძალადობა და სიკვდილიანობა. სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრების თავისუფლებას. აღიკვეთა ელიტური კორუფცია. უზრუნველყოფილია მედიაპრულარიზმი. გაღრმვდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროპასთან. ურყევია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვართ დასავლეთთან, როგორც ახლა." - თქვა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ენმ ცდილობს დააბრალოს „ოცნების“ ხელისუფლებას ის, რაც მისთვის არის დამახასიათებელი.
„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას, „ოცნებას“ დააბრალონ დანაშაულები, რომელიც მათივე კრიმინალური ბანდის ხელწერას ჰგავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანთა ცნობიერებაზე. გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით ისინი ამაოდ ცდილობენ „ოცნებას“ მიაწერონ იარლიყი, რომელიც ენმ-ის განუყოფელი ნიშანია." - თქვა კალაძემ.
კახა კალაძემ ბოლოს ტელეკომპანია „იბერიის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნულ საქმეს ენმ-ის მიერ ატაცებული ბინძური კამპანია უწოდა.
„ეს არის ენმ-ის მიერ ატაცებული ბინძური კამპანია. ამ კამპანიის მიზანი ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და „ოცნების“ იმიჯის შელახვაა. ეს ბიზნესი და ხელისუფლება ჩვენი ხელისუფლების დახმარებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და „იბერიას" ფარად იყენებს." - თქვა კალაძემ.
ასევე, ისაუბრა გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომლის წინაშეც დგას ხელისუფლება.
„ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება, სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე. მივცეთ რეალიზაციის შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. ჩვენი ამოცანაა, გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეები." - თქვა კალაძემ.
გამოსვლის ბოლოს კი საზოგადოებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის, მისი შეფასებით, ზეპარტიული კანდიდატია.