„ომეგა ჯგუფისა“ და „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი მას 4 მილიონ ლარს სთხოვდა. ფულის გამოძალვის პროცესში, მისივე თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ექსმინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სცემა და ღირსების შელახვით ემუქრებოდა.
ბიზნესმენი „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ ივანიშვილმა მას ყოფილი მთავარი პროკურორი მიუგზავნა, რომელიც შეიარაღებულ პირებთან ერთად შეხვდა და ფულს სთხოვდა.
ოქუაშვილი, როგორც თავად ამბობს, ფარცხალაძეს არ ენდო და საქმეში გასარკვევად ლევან ყიფიანს მიმართა, რომელიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და ამ საქმეში ფარცხალაძის როლის გარკვევა სთხოვა. კვირიკაშვილმა კი ივანიშვილს მიმართა.
ამის შემდეგ, როგორც ოქუაშვილი ჰყვება, ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ღირსების შელახვით ემუქრებოდა.
საბოლოოდ, ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდა. ბიზნესმენის თქმით, ივანიშვილმა უთხრა, რომ ფარცხალაძე მას წარმოადგენდა და ოქუაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 4 მილიონი ლარი უნდა შეეწირა.
„რუსთავი 2-მა“ ოქუაშვილისა და ყიფიანის სავარაუდო ფარული ჩანაწერებიც მოიპოვა. ჩანაწერებში ბიზნესმენი და სპორტის ყოფილი მინისტრი ამ თემებზე საუბრობენ.
ბიზნესპრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, მმართველი გუნდისთვის თანხის შეწირვის შესახებ „რუსთავი 2-მა“ ფარული ჩანაწერები აქამდე რამდენჯერმე უკვე გამოაქვეყნა.