
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც „თიბისი ბანკიდან“, სავარაუდოდ, ოქუაშვილის თანხის გატანაა ასახული.
ოქუაშვილმა გუშინ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ივანიშვილი მას 4 მილიონს სთხოვდა, რომ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა გაეგრძელებინა. ბიზნესმენის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მიუგზავნა.
ზაზა ოქუაშვილი ჰყვება, რომ 4 მილიონი იძულებით გადაარიცხინეს ანგარიშზე, რომლიდანაც 24 საათში თანხა ნაღდი ფულით ყოველგვარი ანგარიშსწორების წესის დარღვევით, იმ დროს ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას ზეწოლით გაიტანეს. ოქუაშვილის თქმით, ამ პროცედურას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეებიც, რომლებიც ასევე განიცდიდნენ ზეწოლას.
თიბისი ბანკი „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს მის საპასუხოდ.