საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უწყება საქართველოში მოხალისეთა სისტემას დანერგავს. ამისთვის სპეციალური მუხლი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დღეს ამოქმედდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მოქალაქეებს, ვისაც მოხალისეობა სურს, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დარეგისტრირება 1 ნოემბრიდან შეეძლება. უწყება მოხალისეთა სიას შექმნის და კოორდინაციას გაუწევს.
„მოხალისე შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი;
მოხალისე უნდა ფლობდეს ქართულ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
მოხალისე არ უნდა იყოს ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის;
მოხალისე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
მოხალისემ უნდა მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რათა არ მოხდეს მისი ჩართვა ისეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიცავს მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რისკს.
მოხალისეების გადამზადებას, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.