ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, ლონდონის ერთ-ერთ საექსპერტო ბიუროს დასკვნით, „რუსთავი 2-ის" ეთერში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სშესახებ გასული აუდიოჩანაწერი მონტაჟია.
„რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს, კერძოდ, ერთმანეთს სავარაუდოდ „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და „თბილისის თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი ესაუბრებიან.
ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, მან დღეს „შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა" მიიღო, რომელიც ადასტურებს, რომ ეთერში ჩანაწერი დამონტაჟებულია.
ხატიაშვილის თქმით, ექსპერტი დასკვნაში წერს: „ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“.
ხატიაშვილის თქმით, აუდიოჩანაწერის 2 წუთიან და 6 წამიან მონაკვეთში 6 მონტაჟია.
„რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ჩანაწერში საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდება. სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. შემოსული თანხის 50% უნდა ჩაირიცხოს ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა“, 25%-25% უნდა განაწილდეს „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის.