თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვებით გამოდიან.
საქმეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მურმან ისაევი განიხილავს. როგორც „ლიბერალს" სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, პროცესი ამჯერადაც დახურულია.
2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ ცნეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს სასიკვდილო ჭრილობები 2017 წლის 1 დეკემბერს მიაყენეს.