თიბისი ბანკი უარყოფს ბრალდებას, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ კომპანია „ოლიმპუსისთვის“ გადარიცხული თანხა კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა კანონდარღვევით გაიტანა. თიბისის ბანკის იურისტის თქმით, კომპანია ოფშორში რეგისტრირებული არ ყოფილა და ბანკის სამუშაო საათებში უბრალოდ „განკარგა საკუთარი თანხები“.
„თიბისი ბანკის მსხვილი ფილიალები მუშაობენ ყოველდღე 20:00 საათამდე. შესაბამისად, ამ პერიოდში ტრანზაქციები, მათ შორის გატანის ტრანზაქცია ექვემდებარება მომსახურებას.
დაცულია ყოველგვარი ნორმა, რაც კომერციული ბანკებისთვის არის განკუთვნილი. ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია და მსგავსი ტრანზაქციები ყოველდღიურად ხორციელდება ბანკში. მათში გენერალური დირექტორი საერთოდ არ მონაწილეობს.
ეს არ არის ოფშორში რეგისტრირებული კომპანია. ის ჩვეულებრივად იუსტიციის სახლშია რეგისტრირებული. სათანადოდ აქვს გახსნილი ანგარიშები და კომპანიამ განკარგა საკუთარი თანხები“, - თქვა თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ეკა ეგუტიამ.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილმა 4 მილიონი დოლარი გამოსძალა, რომელიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიისთვის გადაარიცხინეს. ამ კომპანიის ანგარიშიდან კი 24 საათში არასამუშაო დროს გაიტანეს თანხა. ოქუაშვილის თქმით, თანხის ამ ფორმით გატანა უცნობი კომპანიიდან კანონდარღვევაა, თუმცა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა ეს ბანკის ხელმძღვანელებზე ზეწოლის შედეგად მოახერხეს.