ბერძნულმა აივაკომპანიამ ათენი-თბილისის რეისზე აუტიზმის მქონე ბავშვი თვითვმფრინავში არ აუშვა, რის გამოც დედა და შვილი ამ დრომდე საბერძნეთში რჩებიან. როგორც ბავშვის დედამ, მარინა გესლაიძემ „ლიბერალთან“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბილეთი კვირისთვის აღებული აქვს, კომპანია გარანტიას არ აძლევს, რომ ბავშვს თვითმფრინავში აუშვებენ.
მარინა გესლაიძის თქმით, 1 ოქტომბერს რეგისტრაციის შემდეგ მოუწიათ ლოდინი, რის გამოც ბავშვი აღელდა.
„გავიარეთ რეგისტრაცია ჩვეულებრივ და მაშინ, როცა ბორტთან უნდა მივსულიყავით, არ მიგვიშვეს. ერთი საათი მოგვიწია იქ ლოდინი. ბავშვს აქვს პრობლემა, აუტიზმი აქვს. მოლოდინის დროს აღელვებული იყო, ვეღარ გაჩერდა. წამალი მქონდა მიცემული. იმ წამალმა ცოტა გვიან იმოქმედა და ამის გამო აღელვებული იყო. როცა რაღაცა არ მოსწონს, ყვირილით აპორტესტებს. მაშინ მითხრეს, მოიცადეთ, ბოლოებს აგიშვებთო, ბავშვი დაწყნარდესო.
ამის შემდეგ ბავშვი უარესად გახდა, რადგან არ უყვარს ლოდინი. ვუხსნიდი მდგომარეობას, რომ ბავშვს წამალი აქვს მიღებული, და როგორც კი ჩავჯდები თვითმფრინავში, ის გაჩერდება“, - განაცხადა მარინა გესლაიძემ.
მისი თქმით, თავიდან დედას განუცხადეს, რომ მგზავრებმა საჩივარი შემოიტანეს, თუმცა მოგვიანებით განმარტეს, რომ ეკიპაჟმა თქვა უარი ბავშვის თვითმფრინავში ასვლაზე.
„ამბობდნენ, რომ პილოტს შეუძლია არ აუშვას მგზავრი, როცა ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა; როცა აურზაურს ქმნისო. მე ვამბობდი, რომ ჩემი შვილი არც ლოთია, არც ნარკომანია, არც ტერორისტი, საშიში არ არის, უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ასეთი და არც არავის აყენებს ზიანს. ასე დამტოვეს იქ და წამოვედი სახლში, რა მექნა“, - აცხადებს დედა.
მარინას თქმით, ამის შემდეგ მან დაურეკა კომპანიას, თავდაპირველად ისინი აცხადებდნენ, რომ ბილეთები გაუქმდა და ვერ დაუბრუნებდნენ თანხას, ბოლოს კი განაცხადეს, რომ გადაავადებდნენ ხუთშაბათისთვის, მაგრამ 150 ევრო უნდა დაემატებინა. მარინას თქმით, იმისთვის, რომ თანხა ანგარიშზე ჩაერიცხა, წავიდა ბანკში და ამ პერიოდის განმავლობაში მას ბილეთები რამდენჯერმე გაუძვირეს.
„ახლა კვირისთვის მაქვს დაჯავშნილი ბილეთი. მაინც მითხრეს კომპანიაში, რომ გარანტიას ვერ მოგცემთ, თუ ბავშვი აღელვებული იქნება. არ ვიცი, ვის მივმართო დახმარებისთვის, იმისთვის, რომ სახლში დავბრუნდე. არ ვიცი რა ზომებს მივმართო“, - აცხადებს მარინა.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათი თქმით, ისინი დაუკავშირდებიან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს „ლიბერალი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.