ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ოჯახის მიწვევით ონკოქირურგი, ნეიროქირურგი და თერაპევტი მივიდნენ და ისინი დაგეგმილ კონსილიუმს დაესწრებიან. მისი განმარტებით, ეს ვანო მერაბიშვილის ოჯახმა მოითხოვა და თანხმობა მიიღო.
„ორი თვის განამვლობაში ჩვენ, პრაქტიკულად, დიაგნოზი ვერ მივიღეთ. რეალურად, ვანო მერაბიშვილი არ მკურნალობს იმ დიაგნოზის მიხედვით. ეს არის სინდრომი, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით. ვინაიდან დღეს კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს და მოწვეული ჰყავთ რამდენიმე ექიმი, ჩვენი თხოვნა იყო, ამ კონსილიუმში ჩართულიყვნენ მერაბიშვილის ოჯახის მიერ მოძიებული ექიმებიც. რადგან დაგვთანხმდენენ, ეს უკვე კარგია. მეც მაქვს სურვილი, რომ ტექნიკურად თუ მოხერხდა, მეც დავესწრო“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ოჯახის მთავარი მოთხოვნა დიაგნოზის სწორად დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაა.