"დღეს ვნახეთ მორიგი სერია - არასასურველი მოწმეების დაშინება ან ლიკვიდაცია, იყო შთაბეჭდილება რომ ყიფიანი დღეს გამოუშვეს იმ სარდაფიდან, სადაც ვინმე ფარცხალაძეს ჰყავდა ჩაკეტილი". - თქვა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
"ადამიანი, რომელიც ჯერ მაყურებლად დანიშნეს ბიზნესში, შემდეგ გამოიყვანეს განტევების ვაცად და არნახული სიყალბე ალაპარაკეს" - თქვა ვაშაძემ მისი თქმით, ომეგა-ჯგიფის და ტელეკომპანია იბერიის საქმეში ნათლად იკვეთება მაფიის ყველა, ხუთივე ნიშანი. ესენია:
1. კრიმინალური დაჯგუფების შექმნა, რომელსაც მკაცრად ჩამოყალიბებული სტრუქტურა აქვს.
2. ხელისუფლებასთან შეზრდა.
3. ხელისუფლების ორგანოებისა და კანონის ჩანაცვლება „გაგებებით“.
4. ბიზნესზე ხარკის შეწერა და სამართალდამცავი ორგანოების საკუთარ განშტოებად გადაქცევა.
5. სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის დატერორება.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანის მტკიცებით, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა, გადაწყვიტა, დაეხატა შემდეგი სცენარი:„ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა. იგი [ზაზა ოქუაშვილი] მპირდებოდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის. ოქუაშვილი უნდა წასულიყო უცხოეთში იმისთვის, რომ დაერწმუნებინა... მე, რომ ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი წარმომავლობა, ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი და ოქუაშვილი დაარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე. ამით მისი ვალდებულებების, დავალიანების გადავადებას მოახერხებდა, რომელიც მას, აგრეთვე, უცხოელ პარტნიორებთან ჰქონდა. შესაბამისად, ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც", - ამბობს ლევან ყიფიანი.